ცნობილ მექსიკელ მოკრივე საულ ალვარესს დისკვალიფიკაციით დასჯიან
ცნობილ მექსიკელ მოკრივე საულ ალვარესს დისკვალიფიკაციით დასჯიან

მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ცნობილმა მექსიკელმა მოკრივემ საულ ალვარესმა, რომელმაც მარტის დასაწყისში დოპინგსინჯი ჩააგდო, ნევადას შტატის სპორტული კომისიისგან, შესაძლოა, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს. ამის შესახებ გაზეთი Los Angeles Times წერს.

ასე რომ, დიდი ალბათობით, 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი საკრივო ორთაბრძოლა საულ ალვარესსა და ყაზახ მოკრივე გენადი გოლოვკინს შორის აღარ გაიმართება.

ალვარესის დოპინგსინჯებში, რომლებიც 17 და 20 თებერვალს აიღეს, აკრძალული პრეპარატი კლენბუტეროლი აღმოაჩინეს. თავად მოკრივემ ეს ფაქტი უხარისხო ხორცის მიღებით ახსნა.

წესებში გარკვევით წერია, რომ ამგვარი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ერთწლიანი დისკვალიფიკაცია.

ამასთან, ათლეტურ კომისიას უფლება აქვს, გაითვალისწინოს განსაკუთრებული გარემოებები და სასჯელის ვადა ნახევარ წლამდე შეამციროს.

ამ მომენტისთვის, მექსიკელი მოკრივე პროფესიულ კრივს დროებით ჩამოშორებულია.