CNN-ი საქართველოს ნაკრებსა და კვარაცხელიაზე - ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდი ჯგუფიდან გავიდოდა #1TVSPORT
„ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ზე ქართველების ცხოვრებაში „საუკეთესო დღით“ და რონალდოს მაისურით ტკბება“, – ასე იწყება წერილი, რომელიც CNN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ხვიჩა კვარაცხელიას ეს ღამე არასოდეს დაავიწყდება. თავდამსხმელმა არა მხოლოდ შთააგონა საქართველო ევრო 2024-ზე, არამედ კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ თამაშით ბავშვობის ოცნება აიხდინა. საქართველო ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდი იყო და ცოტა თუ იფიქრებდა, რომ დიდ ტურნირზე სადებიუტო გამოსვლისას ჯგუფიდან გავიდოდა.
თუმცა, ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, „ჯვაროსნებმა“ დაუვიწყარი თამაშით დამსახურებულად მოუგეს პორტუგალიას (2:0) კვარაცხელიას და მიქაუტაძის გოლების წყალობით. მსაჯის სასტვენმა მოედანზე და ტრიბუნებზე ქართველების სიხარული გამოიწვია, გელზენკირხენის სტადიონზე სიხარულის ცრემლები მოედინებოდა. იმავდროულად, გამარჯვების შემდეგ, ფოიერვერკით აინთო ცა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, როდესაც გულშემატკივრები ქუჩებში გამოვიდნენ ისტორიული მიღწევის აღსანიშნავად.
„ეს საუკეთესო დღეა ქართველების ცხოვრებაში“, – განუცხადა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს თამაშის შემდეგ,
მატჩის შემდეგ დილით, CNN Sport-თან საუბრისას, საქართველოს მწვრთნელის ასისტენტმა, დევიდ უებმა ფინალური სასტვენის შემდეგ შექმნილი ატმოსფერო აღწერა, რომელიც ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს.
უებმა, რომელიც ცნობილია მოთამაშეების პიროვნულ დონეზე მოტივაციის უნარით, თქვა, რომ ტურნირამდე წარადგინა პროექტი, როგორ უნდა გაეზარდათ მოთამაშეების თვითრწმენა. მისი თქმით, იდეა ეყრდნობოდა პატარა ქვეყნების მოტივაციას, როგორებიცაა უელსი და ისლანდია, რომლებმაც მშვენივრად იასპარეზეს წინა ევროპის ჩემპიონატზე, უელსი ნახევარფინალში გავიდა, ხოლო ისლანდია ევრო 2016-ზე მეოთხედფინალში.
„ეს იყო მოთამაშეებისთვის რწმენის გაზრდის სურვილი, რატომ არ შეგვიძლია მსგავსი რამის გაკეთება?“, – დასძინა უებმა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები იყო გუნდის მღელვარება გასახდელში, კვარაცხელიას რონალდოს მაისური ეცვა. „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელი რონალდო მატჩის უმეტესი ნაწილი ნერვიულობდა, მაგრამ მარცხის შემდეგ მაისური ემოციურ კვარაცხელიას აჩუქა.
პორტუგალიასთან მატჩამდე სოციალურ ქსელში 2013 წლის ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ რონალდო თბილისში მოგზაურობის დროს ბავშვებს შორის დგას. ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი იყო კვარაცხელია, რომელმაც ამის შესახებ ინსტაგრამის საკუთარ გევრდზე გამოაქვეყნა. მატჩის წინ „ნაპოლის“ თავდამსხმელი ბავშვობის გმირსაც ესაუბრა და თქვა, რომ რონალდომ წარმატება უსურვა.
„როდესაც ის მოდის შენთან მატჩის წინ და წარმატებებს გისურვებს, ეს დიდი სტიმულია“, – ამბობდა კვარაცხელია.
სანამ თანაგუნდელებთან ერთად იზეიმებდა, კვარაცხელია სასტვენის შემდეგ რონალდოსთან გავარდა. შემდეგ კი საქართველოს თილისმამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა რონალდოს მაისურის ფოტო წარწერით: „ოცნებები ხდება“.
მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ სერია A-ს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა 2023 წელს, მან თქვა, რომ პორტუგალიის დამარცხება და საქართველოს ნაკრებთან ერთად პლეი ოფის ეტაპზე გასვლა მის კარიერაში დღემდე ყველაზე დიდი მიღწევაა. საქართველოს კვლავ მოუწევს კვარაცხელიას იმედად ყოფნა დღეს, როდესაც მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება“, – წერია CNN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.