CNN - აშშ-ის ვიზების მისაღებად იმიგრანტებს სოციალური მედიის ისტორიის წარდგენა მოუწევთ
CNN - აშშ-ის ვიზების მისაღებად იმიგრანტებს სოციალური მედიის ისტორიის წარდგენა მოუწევთ

აშშ-ის ვიზების მისაღებად იმიგრანტებს სოციალური მედიის ხუთ წლიანი ისტორიის წარდგენა მოუწევთ.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია დაახლოებით 15 მილიონ პოტენციურ იმიგრანტზე მოახდენს გავლენას და აშშ-ში მუდმივი ცხოვრების მსურველ ადამიანებზეც ვრცელდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, გამონაკლისი ეხება დიპლომატიური და ოფიციალური პირების ვიზებს. ახალი სავიზო რეგულაციები 30 მარტს გამოქვეყნდება და ძალაში 60 დღეში შევა.

ფედერალური ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ახალი წესების შემოღება ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი.

გარდა სოციალური მედიის ხუთ წლიანი ამონაწერისა, ასევე მოითხოვება წინა სატელეფონო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართები, წინა საიმიგრაციო დარღვევების შესახებ ინფორმაცია და ნებისმიერი საოჯახო ისტორია ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი რეგულაცია არის არა მხოლოდ პირად კონფიდენციალობაში ჩარევა, არამედ სამომავლოდ შეიზღუდება კანონიერი იმიგრაციაც, რისი საფუძველიც პროცესის შენელება იქნება, ვიზის აღება კი, გართულდება.

იმიგრანტების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას განსაკუთრებული ყურადღება 2015 წელს, სან-ბერნარდინოს ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მიექცა.  გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მაშინ ჯიჰადს მხარდაჭერა კერძო სოციალურ მედიაში ისეთი ფსევდონიმით გამოუცხადა, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე ჩასვლამდე ხელისუფლებისთვის ცნობილი არ იყო.