გავრცელებული ინფორმაციით, ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 14 წლის წინ გატაცებული ბიჭის საქმეში ფიგურირებდა
გავრცელებული ინფორმაციით, ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 14 წლის წინ გატაცებული ბიჭის საქმეში ფიგურირებდა

ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, 14 წლის წინ, სხვა ბავშვის გატაცების საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მისთვის გამოძიებას ბრალი არ წაუყენებია. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ავრცელებს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭის დედამ, ხათუნა ბერძნიშვილმა განუცხადა, მისი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა.

„ჩემი შვილი 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ი.ნ. ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, თქვენ შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა. თუმცა, სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე. ძალიან ბევრი ვიარეთ, სხვადასხვა ინსტანციებში, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა. დღეს კი, საერთოდ არ ვიცით, ამ საქმეს რა ბედი ეწია. ჩემი შვილი კი არ ჩანს. 20 სექტემბერს 25 წლის უნდა გამხდარიყო”, – ამბობს ხათუნა ბერძნიშვილი.

ცხრა წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ. დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, გორში გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია.