ცხრა ევროპული ქვეყანა, უკრაინასთან ერთად, ანტისარაკეტო კოალიციას შექმნის
ცხრა ევროპული ქვეყანა, უკრაინასთან ერთად, ანტისარაკეტო კოალიციას შექმნის.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო, უკრაინასთან ერთად, ერთობლივი ანტისარაკეტო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპის დასაცავად აუცილებელია გლობალური გადაწყვეტა. ინტეგრირებული არქიტექტურა, რომელიც მომავალი სარაკეტო საფრთხეების შეკავებასა და მოგერიებას უზრუნველყოფს. ეს სისტემა ერთობლივი ძალისხმევით, ტექნოლოგიური ღიაობისა და სამრეწველო თანამშრომლობის საფუძველზე უნდა შეიქმნას“, – ნათქვამია ათი ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციაში.
ახალი კოალიცია გეგმავს, შეიმუშაოს საერთო ოპერატიული მოთხოვნები, შექმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მექანიზმები და შეადგინოს საგზაო რუკა, რომელიც პირველადი ოპერატიული შესაძლებლობების შექმნას უზრუნველყოფს.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ კოალიციას შეძლებენ, შეუერთდნენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც მის პრინციპებსა და მიზნებს იზიარებენ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პარიზში ჩავიდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და „მსურველთა კოალიციის“ წევრებს შეხვდება. მისი თქმით, ვიზიტის მთავარი თემა სწორედ ანტისარაკეტო პროგრამა იქნება.
ბოლო პერიოდში ზელენსკი რეგულარულად მოუწოდებს პარტნიორებს, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცენ, რათა ქვეყანამ რუსეთის ბალისტიკური სარაკეტო შეტევების მოგერიება შეძლოს.