ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ყოფილი თანამშრომლების მხრიდან ნეგატიური კამპანიის დაწყებაზე საუბრობენ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ყოფილი თანამშრომლების მხრიდან ნეგატიური კამპანიის დაწყებაზე საუბრობენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ყოფილი თანამშრომლების მხრიდან ნეგატიური კამპანიის დაწყებაზე საუბრობენ.

ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა შემაძრწუნებელი ვიდეოკადრები, რომელიც მკვდარი ცხოველებისთვის განკუთვნილ ოთახშია გადაღებული.

მოგეხსენებათ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ერთ- ერთი მიმართულებაა, როგორც თბილისის, ასევე რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, მკვდარი ცხოველების მიღება და მათი განთავსება სპეციალურ ბიოთერმულ ორმოში. სწორედ მსგავსი პროცესია ასახული გავრცელებულ ვიდეოკადრებში, თუმცა სრულიად დამახინჯებული რეალობითა და დადგმული სცენებით. მკვდარი ცხოველებისთვის განკუთვნილ ოთახში მოხვედრა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელს. ამდენად, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, აღნიშნული კადრები ვრცელდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლების მიერ, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობას ამ ცხოველებზე ზრუნვა წარმოადგენდა.

საგულისხმოა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ გულგრილობას და ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას უკავშირდება. გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სრული რეფორმირება, რის ფონზეც გვიწევს თანამშრომელთა ნაწილის გათავისუფლება. სწორედ აღნიშნულ პროცესს მოჰყვა ნეგატიური კამპანია სააგენტოს წინააღმდეგ და ადგილი აქვს, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელობის, ისე ვეტერინართა საქმიანობის დისკრედიცატიის მცდელობას.

მოვითხოვთ, მოხდეს სასწრაფო გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების წარმომავლობისა და მოყვანილი ფაქტების შესახებ. ასევე, უნდა დადგეს იმ ადამიანთა პასუხისმგებლობა, ვინც საზოგადოების დეზინფორმაციისა და სააგენტოს დისკრედიტაციის მიზნით, დადგა და გაავრცელა ვიდეოკადრები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი