ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისში ცოფის შემთხვევების საგანგაშო მატება არ ფიქსირდება, თუმცა მოსახლეობას სიფრთხილისა და ცხოველების აცრისკენ მოუწოდებენ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისში ცოფის შემთხვევების საგანგაშო მატება არ ფიქსირდება, თუმცა მოსახლეობას სიფრთხილისა და ცხოველების აცრისკენ მოუწოდებენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, თბილისში ცოფის ვირუსის გამოვლენის ბოლო ორი შემთხვევიდან, არც ერთი ცხოველი ცოფზე აცრილი არ იყო.

მისივე თქმით, წელს თბილისში ჯამში ცოფის ოთხი შემთხვევა დადასტურდა.

ვახტანგ ლომჯარია მოსახლეობას სიმშვიდესკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კატასტროფული არაფერი ხდება, თუმცა ამავე დროს, მათ სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.

„ორივე გამოიყურებოდა ცუდად და მოსახლეობამ ჩათვალა, რომ მათ სჭირდებოდათ დახმარება. დაგვიკავშირდნენ და კვლევის შემდეგ დადასტურდა ცოფი. წელს ჯამში არის ოთხი შემთხვევა დადასტურებული. მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო, კატასტროფული მატება არ არის და რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გვყავს სახლში ცხოველები, აცრებისგან თავი უნდა შევიკავოთ. პირიქით, უნდა მოვინიშნოთ კალენდარში და ყოველ წელს უნდა გავიმეოროთ.

ცოფის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება პირველ რიგში იზოლირება ცხოველების, რომლებიც შეხებაში იყვნენ ცოფიან ცხოველებთან. თუ ადამიანები იყვნენ შეხებაში, ხდება 10-დღიანი დაკვირვება და 2-3 კილომეტრის რადიუსში ხდება ცხოველების გადაცრა.

ბოლო ორ შემთხვევაზე ახლაც მიმდინარეობს ეს პროცედურები. ამ შემთხვევებში ადამიანის დაკბენის ფაქტი არ ყოფილა. არ იყო აგრესიული მიმართულება, იყო ცხოველების პარალიზება და მათ გადაადგილება უჭირდათ. მინდა, პატრონები გავაფრთიხილო, რომ პატრონები არ არიან დაზღვეული, თუ ცხოველებს არ აცრიან“, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

რაც შეეხება ქუჩის ცხოველებს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ყველა ამხანაგობის თავმჯდომარეს სთხოვს, გააკონტროლოს კალენდარი, როდის იყო აცრილი ცხოველი.

„ბოლო წლებში რადიკალურადაა შემცირებული ცოფის ფაქტები. 10-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა საქართველოში ცოფით, შემდეგ ხუთამდე ჩამოვიდა ეს რიცხვი, სამი წლის განმავლობაში კი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. როგორც წესი, ცოფის გავრცელებასთან დაკავშირებით სეზონს არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანები, რომლებიც მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ცოფი არც თუ ისე საშიში დაავადებაა, ასეთი უცოდინრობა დამღუპველია.

ცოფის ადამიანზე გადაცემის 99 პროცენტი არის ძაღლიდან, 40 პროცენტი მსხვერპლი არის ბავშვი. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ მოსახლეობას, დაკბენის, დაკაწვრის, დადორბვლის შემთხვევაში, მიმართონ სპეციალისტებს. ასეთი შემთხვევები ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვართ 150 ქვეყანაში, სადაც ცოფის ვირუსი არის ენდემური პრობლემა“,- განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

დატოვე კომენტარი