ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა, აიკრძალოს თუ არა კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება, ხოლო აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა, აიკრძალოს თუ არა კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება, ხოლო აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს იურისტი კახაბერ იოსელიანი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა, ქვეყანაში აიკრძალოს თუ არა კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება. ამასთან, მისივე თქმით, პრევენციის მიზნით, გათვალისწინებულია საკითხი, რომ აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს.

როგორც იოსელიანმა განაცხადა, დარგის სპეციალისტებთან მიმდინარეობს კონსულტაცია, რათა ზუსტად განისაზღვროს ძაღლის ჯიშები და განისაზღვროს ასევე მახასიათებლებით, თუ კონკრეტული დახასიათებებით.

„ამ კვირის განმავლობაში აგრესიული ჯიშის ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის რამდენიმე ფაქტი მოხდა. მუნიციპალიტეტებს ცალკე აქვთ რეგულაციები და შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, ასეთი ამ ეტაპზე არ არის. დედაქალაქში გვაქვს რეგულაცია, რომ აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება 07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში შესაძლებელია გრძელი საბმელით და ალიკაპით, ან მოკლე საბმელით და ალიკაპის გარეშე. ასევე ტრანსპორტირება აუცილებლად უნდა მოხდეს მოკლე საბმელით და ალიკაპით. 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, ანუ შუაღამის პერიოდში და გამთენიისას შესაძლებელია მხოლოდ ალიკაპით, გასეირნება საბმელის გარეშეც. ალიკაპის გაკეთება თუ არ გვსურს, ჩვეულებრივად, როგორც დღის საათებშია რეგულაცია, იგივე რეჟიმი მოქმედებს. ეს შეზღუდვა არ ეხება ე.წ. დეკორატიული ჯიშის ძაღლებს და ასევე არ მოქმედებს ცხოველების გასასეირნებლად სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, სარეკრეაციო ზონებში.

თბილისში ამ საკითხს არეგულირებს შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის ცენტრი, მუნიციპალიტეტები კი ცალკე, დამოუკიდებლად არეგულირებენ აღნიშნულ საკითხს. მზაობა როგორც მოსახლეობის მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების მიმართულებით ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და მიმდინარეობს დარგის სპეციალისტებთან კანონპროექტის შემუშავება. ეს კანონპროექტია შემუშავებულია პარლამენტში და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაგეგმილია მისი საშემოდგომო სესიებზე განხილვა და მიღება.

არ არის ნუსხა, კონკრეტულად რომელი ჯიშის ძაღლია აგრესიული. როდესაც პირი არღვევს ცხოველის გასეირნების წესს, ხდება მისი სანქცირება ადმინისტრაციული წესით, თუმცა აუცილებელია, არსებობდეს ასეთი ნუსხა. ნორვეგიაში, გერმანიაში, სერბეთში, საფრანგეთში და ა.შ. ამერიკის შეერთებულ შტატებში რა რეგულაციები და შეზღუდვებიც არსებობს კანონპროექტში, ისინი იქნა გათვალისწინებული. ჯიშების ჩამონათვალს რაც შეეხება, დარგის სპეციალისტებთან მიმდინარეობს კონსულტაცია, რომ ზუსტად განისაზღვროს ჯიშები და განისაზღვროს ასევე მახასიათებლებით, თუ კონკრეტული დახასიათებებით“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და სხვადასხვა უწყება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია ჩართულია კანონპროექტის შემუშავებაში.

„ყველა მნიშვნელოვანი საკითხია გათვალისწინებული, რაც საჭიროა, რომ ამ სფეროში დარეგულირდეს, მათ შორის ცხოველების უკონტროლო მომრავლება, ცხოველთა უფლებების გათვალისწინება, ის შეზღუდვები, რაც ცხოველთა უფლებებს მოჰყვება. მსჯელობის საგანია, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა. ახალს არაფერს ვიგონებთ. ასეა ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში. მაგალითად, პიდბულის ჯიში. ნორვეგიაში საერთოდ აკრძალულია ასეთი ძაღლის ყოლა, გამრავლება, გასხვისება, შემოყვანა და ასე შემდეგ. თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, ცხოველი გააქროს, დააძინოს, ან სხვა ქვეყანაში გაიყვანოს. კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება ეს შეზღუდვა. ესეთი საკითხიც არის, ძაღლისთვის აგრესიისკენ მოწოდება. ამას თუ მოჰყვება რაიმე სახის ზიანი, პირი აგებს პასუხს ან სისხლის სამართლის, ან ადმინისტრაციული წესით.

პრევენციის მიზნით, გავითვალისწინეთ საკითხი, რომ მაგალითად, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდება 16 წლამდე ასაკის პირს. ვფიქრობთ, რადგან მაღალი რისკის საკითხია და საფრთხის წყარო აგრესიული ცხოველია, აქ ასაკობრივი შეზღუდვა შემოვიღოთ. მაგალითად, შეხვდებით, რომ მცირეწლოვანიც კი აგრესიული ჯიშის მოზრდილ ძაღლს ასეირნებს ხოლმე და ასეთი ძაღლი გაქცევია. ასეთი საკითხების პრევენციისთვის აუცილებელია აღნიშნულის შემოღებაც“, – განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს იურისტმა კახაბერ იოსელიანმა.