ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი - ვიდეოკადრები, რომელშიც მკვდარი ცხოველები ჩანს, დადგმული იყო
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი - ვიდეოკადრები, რომელშიც მკვდარი ცხოველები ჩანს, დადგმული იყო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომელშიც ნაწამები და მკვდარი ცხოველები ჩანს, დადგმული იყო და ვიღაცების ინტერესებს ემსახურებოდა.

ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, ვიდეო, სავარაუდოდ 15 ივნისს, ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო, რომელმაც კადრები დადგა და ეს ყველაფერი სააგენტოს საწინააღმდეგოდ გააკეთა.

ლომჯარიას თქმით, საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.

ფაქტს ეხმაურება თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეც, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს და ჯგუფებს მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ და მერიის მიერ გაკეთებული ინიციატივები დააფასონ.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ დედაქალაქის მთავრობამ გარკვეულ ჯგუფებთან და ცხოველთა დამცველებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, მერიისა და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან.

ცხოველთა დამცველები თბილისის მერიასთან 18:00 საათზე აქციის გამართავას აპირებენ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც დახოცილ ძაღლებთან ერთად, ჩანს მომაკვდავი ლეკვი.