ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობაზე 100-დან 500 ლარამდე ჯარიმა დაწესდება
ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობაზე 100-დან 500 ლარამდე ჯარიმა დაწესდება

ცხოველისა და ფრინველის მიმართ სასტიკ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით სანქციები იზრდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები კახა კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი და გელა სამხარაული არიან.

ცვლილებების მიხედვით, ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.

ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, რომ ცხოველებისადმი სასტიკ, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები არაეფექტურია, რაც გამოწვეულია შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული ქმედებების და მათთვის გათვალისწინებული სანქციების არარელევანტურობით. ბოლო პერიოდში გახშირდა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის, მათი წამების, სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ქვეყანაში კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულებრივი, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის გათვალისწინებული სანქციების არაადეკვატურობით, ასევე ცხოველების მიმართ საზოგადოებაში არსებული მანკიერი ცნობიერებით.

დღეს მოქმედი კანონით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობისათვის ჯარიმის ოდენობა იყო შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობა (40 ლარი).