სეზონის წინა შეკრებაზე „ცხინვალმა“ თურქეთში ამხანაგური მატჩი გამართა და დანიის პირველი ლიგის ბინადარ „ნიკოპინგთან“ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით – 1:2 დამარცხდა.
ამ მატჩის შემდეგ ქალაქ სიდეში დაბანაკებულ „ცხინვალს“ სამი ახალი წევრი შეემატა. ტრიოდან ორი ფეხბურთელია, მესამე კი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი. სამივე მათგანი თურქეთში სხვადასხვა რეისით ჩამოფრინდა და საწვრთნელ-მოსამზადებელ ციკლში ხვალიდან ჩაერთვება.
გუნდში მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში, „ცხინვალის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მუნოზ სანჩესმა გააჟღერა, რომ ფიზიკური მომზადების მწვრთნელად თანამემამულეს დაიხმარდა და ასეც მოხდა – ლუის ალფონსო პრიეტო ვილალობოსი სიდეში ჩაფრინდა და ცხინვალელებს შეურთდა.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, 26 წლის რუმინელი თავდამსხმელი ანდრეი-კოზმინ ჩოლაქლუ ანტალიაში გვიან ღამით ბუქარესტიდან ჩაფრინდა. მეორე ფეხბურთელი კი 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი მარკო ნიკოლიჩია, რომელიც ანდრეი ჩოლაქლუს მსგავსად, ხვალიდან „ცხინვალში“ ივარჯიშებს და ანტალიაში გასამართ დასკვნით ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშებს.