ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი დააკავეს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ხელჩუას მახლობლად ზარდიანთკარის მკვიდრი, 1968 წელს დაბადებული გენადი ბესტაევი დააკავეს. ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ის 21 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერება – მარიხუანა ცხრა გრამის ოდენობით ამოიღეს. 26 ნოემბერს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით – საზღვრის უკანონო კვეთა და ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდა – აღძრეს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ის არაერთხელ იყო დაკავებული და შესაბამისად, დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ მას აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

უკანონო დაკავების ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.