ცხადაძემ და ჩიხრაძემ „გაბალა“ დატოვეს #1TVSPORT
კახა ცხადაძემ „გაბალას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა – ინფორმაცია აზერბაიჯანულმა გუნდმა გაავრცელა.
„გაბალას“ პრესსამსახურმა ქართველ მთავარ მწვრთნელთან დაშორების დეტალები გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ცხადაძემ მოქმედი კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით შეწყვიტა, ისევე როგორც მისმა თანაშემწემ, გიორგი ჩიხრაძემ.
კახა ცხადაძე 1991–1998 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი. თბილისის „დინამოს“ გარდა, უთამაშია ფრანკფურტის „აინტრახტსა“ და „მანჩესტერ სიტიში“.
სამწვრთნელო კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ 2002 წელს დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ თამაშობდა. მერე წვრთნიდა საქართველის ახალგაზრდულ ნაკრებს, ბაქოს „ინტერს“, 2014-2015 წლებში – საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
2021-2022 წლებში თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ, „გაბალაში“ კი 2024 წლიდან მუშაობს და გუნდი მთავარ აზერბაიჯანულ ლიგაში დააწინაურა.