Civil.ge - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰუბერტ ქნირშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
Civil.ge - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰუბერტ ქნირშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰუბერტ ქნირშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, – ინფორმაციას Civil.ge ავრცელებს.

მათივე ცნობით, გერმანულ გაზეთ „ბილდში“ გამოქვეყნებულ ბრალდებებზე, რომელთა თანახმადაც, ელჩ ჰუბერტ ქნირშს, რომლის მეუღლეც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ უნივერსიტეტში მუშაობს, შესაძლოა, მჭიდრო კავშირები ჰქონდეს ივანიშვილთან, Civil.ge გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელს ესაუბრა.

Civil.ge-ს ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, მიგელ ბერგერის თქმით, „ბრალდება, რომ [ელჩის] სამუშაოზე მისი ცოლის კომპიუტერული მეცნიერების ლექტორად მუშაობამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს, დაუსაბუთებელია“ და რომ ელჩების მეუღლეთა „პროფესიული საქმიანობა კანონით ნებადართულ, არაპოლიტიკურ სამსახურში, ნორმალური საბაზრო ანაზღაურების სანაცვლოდ, არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება კორუფციის ბრალდებების დასასაბუთებლად“.

„საზღვარგარეთ განწესებულ თანამშომელთა პარტნიორების დასაქმების საკითხი მნიშვნელოვანი საზრუნავია საგარეო ფედერალური სამინისტროსათვის, რათა მათ შეძლონ სამსახურში საქმიანობასა და ოჯახს შორის ბალანსის უკეთ დაცვა და თავიანთი კარიერის გაგრძელება“, – განაცხადა მიგელ ბერგერმა.

სახელმწიფო მდივანმა ბერგერმა Civil.ge-სთან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და გერმანიის საელჩო საქართველოში, „ისე, როგორც მათ მოვალეობას შეეფერება, ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან, ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციაში მყოფ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან“.

„გერმანიას საქართველოსთან ხანგრძლივი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ახალი მთავრობის პირობებშიც გერმანია კვლავაც იქნება საქართველოს საიმედო პარტნიორი“.

ამასთან, სახელმწიფო მდივან ბერგერის თქმით, „ახალი [სამთავრობო] კოალიციის შეთანხმებაში ექსპლიციტურადაა აღნიშნული, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის გაგრძელება გერმანიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტთა შორის იქნება“.

„როგორც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წამყვანი პარტნიორი, ჩვენ თავიდანვე მხარს ვუჭერდით საქართველოს რეფორმების გატარებაში და კვლავაც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელმა.

დატოვე კომენტარი