ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა
ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა.

გალერეის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა, რომელიც ჩვენი ღვინის პოპულარიზაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს. სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინო სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაღალი მსყიდველობის შესაძლებლობის ბაზრებზე ჩვენი ღვინის წარმოჩენა. ისეთი ცენტრები, როგორიც ახალი გალერეაა, დიასპორის ჩართულობით, ხელს უწყობს ქართული ღვინის წარმოჩენას როგორც შვეიცარიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, ციურიხში გახსნილი ქართული ღვინის გალერეა 12 ქართველი მწარმოებლის სხვადასხვა სახეობის ღვინოს შესთავაზებს მყიდველს.

ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ციურიხში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ ზვიად არაბიძეს ეკუთვნის. მისივე ინიციატივით გაიხსნა და ფუნქციონირებს ციურიხში საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა ქართული დიასპორისთვის.

გალერეის გახსნის ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი ბიზნესწრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ზვიად არაბიძის განცხადებით, რვა ათასი წლის ისტორიის ქართულ ღვინოს შვეიცარიაში ადგილის დამკვიდრება არ გაუჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, შვეიცარიაში გახსნილმა ქართული ღვინის პირველმა გალერეამ მომხმარებელს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ღვინო შესთავაზოს და დაინტერესებულ პირებს ქართული ღვინის კულტურა და ისტორია გააცნოს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.