ციურიხიდან ჰუმანიტარული ​ავიარეისით დღეს საქართველოს 37 მოქალაქე დაბრუნდება
ციურიხიდან ჰუმანიტარული ​ავიარეისით დღეს საქართველოს 37 მოქალაქე დაბრუნდება

შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის ფედერალური დეპარტამენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილი ჰუმანიტარული ხასიათის ავიარეისი ციურიხი-თბილისი დღეს განხორციელდება შვეიცარიული ავიაკომპანია „სვისის“ (Swiss) მიერ, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული რეისით საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოს 37 მოქალაქე, რომელთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები და არასრულწლოვნები. აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი.

„როგორც ცნობილია, 2019 წლის ოქტომბერში შვეიცარიამ საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. გასულ წელსვე ქართული მხარის ინიციატივით, შვეიცარიის მოქალაქეებს მიენიჭათ საქართველოში ID ბარათებით მგზავრობის უფლება.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის მიგრაციის სამსახური დააფინანსებს შვეიცარიიდან ორგანიზებული ჩარტერული რეისებით ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეების პირველად საჭიროებებს: დაბინავებას და სამედიცინო მომსახურებას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.