ჩინეთის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს რაც შეიძლება მალე გააუქმებს
ჩინეთის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს რაც შეიძლება მალე გააუქმებს

გვჯერა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, შევძლებთ ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ლი იანმა პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, საქართველომ მიიღო გარკვეული დროებითი ზომები ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ შორისაა პირდაპირი ფრენების შეჩერება და ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის აკრძალვა. ელჩის თქმით, საქართველოს მხრიდან არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა.

„ეპიდემიის განვითარების ფონზე ქართულმა მხარემ მიიღო გარკვეული პრევენციული ზომები, როგორიცაა აეროპორტებში სხეულის ტემპერატურის მონიტორინგი და ა.შ. გვჯერა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, შევძლებთ ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს. ქართველ ხალხს რაციონალური დამოკიდებულება აქვს ეპიდემიის მიმართ და თანაგრძნობას გამოხატავს ჩინეთისადმი. ზოგიერთმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციამ დახმარების ხელიც გაუწოდა ჩინეთს. თუმცა ამავდროულად, მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მცდარი და არამეგობრული განცხადებები ეპიდემიისა და ჩინეთის წინააღმდეგ. ჭორები და მცდარი ინფორმაცია უფრო საშიშია ვიდრე ვირუსი. ეპიდემიასთან ბრძოლაში, მსოფლიოს ხალხი ლხინსა და ჭირში ერთად მდგომი საერთო ბედის საზოგადოებაა. გარდა ამისა, საქართველომ მიიღო გარკვეული დროებითი ზომები ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ შორისაა პირდაპირი ფრენების შეჩერება და ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის აკრძალვა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მხრიდან არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცხადყო, რომ ჩინეთზე სამოგზაურო და სავაჭრო შეზღუდვები არ არის რეკომენდებული. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ამ დროებით ზომებს რაც შეიძლება მალე გააუქმებს, ჩინეთსა და საქართველოს შორის ჩვეული მიმოსვლისა და მიმდინარე პროექტების შეუფერხებელი წინსვლის უზრუნველსაყოფად, რათა ერთობლივად შევუწყოთ ხელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტ და ჯანსაღ განვითარებას და სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობას“, – განაცხადა ელჩმა.

ელჩის, ლი იანის თქმით, ჩინეთი გააგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციასა და თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის საქართველოსთან, რომ უმოკლეს დროში დაამარცხოს ეპიდემია

„ეპიდემიამ გარკვეული უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა ჩინეთ-საქართველოს შორის მიმოსვლაზე, ვიზიტებსა და იმპორტ-ექსპორტზე და შეიძლება ასევე გავლენა იქონიოს მიმდინარე მასშტაბური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპზე. ჩინეთი გააგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციასა და თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის საქართველოსთან, რომ უმოკლეს დროში დაამარცხოს ეპიდემია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, რომ ყურადღებით გადახედოს უკვე მიღებულ დროებით შემზღუდველ ზომებს, იმ ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, რაც შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიამ ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, ჩინეთი გააგრძელებს ახლო კომუნიკაციას საქართველოს საელჩოსთან და აქტიურ დახმარებას გაუწევს ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

„ჩინეთის მთავრობა ყოველთვის ზრუნავს ჩინეთში მყოფი უცხო ქვეყნის და მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და მზადაა საერთაშორისო პრაქტიკის და ეპიდემიის განვითარების შესაბამისად, საჭირო დახმარება აღმოუჩინოს მათ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე ჩამოაყალიბა სპეციალური საკოორდინაციო მექანიზმი, რათა მჭიდრო კონტაქტი შეინარჩუნოს ჩინეთში არსებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან და საკონსულოებთან, დროულად მიაწოდოს მათ ინფორმაცია ეპიდემიასთან და ჩინეთის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით. ეროვნული საიმიგრაციო ბიურო და ადგილობრივი ხელისუფლება ჩინეთში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობენ უცხოენოვან მომსახურებას, ცხელი ხაზისა და ონლაინ პლატფორმის მეშვეობით დროულად პასუხობენ სხვადასხვა ტიპის შეკითხვებს. უზრუნველყოფილია ჩინეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩვეული ცხოვრება. ხუპეის პროვინციის ქალაქ უხანში მცხოვრებმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ საქართველოში დაბრუნება არჩია, ჩინეთი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას და მათ შესაბამისი დახმარებაც გაუწია. საქართველოს კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ კი ჩინეთში დარჩენა გადაწყვიტა, ისინი ენდობიან ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებს და სჯერათ, რომ ეპიდემია კონტროლს დაექვემდებარება. ჩინეთი გააგრძელებს ახლო კომუნიკაციას საქართველოს საელჩოსთან ჩინეთში და აქტიურ დახმარებას გაუწევს ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.