ცინცინატის „მასტერსის“ ფინალში ჯოკოვიჩი და რაონიჩი ითამაშებენ
ცინცინატის „მასტერსის“ ფინალში ჯოკოვიჩი და რაონიჩი ითამაშებენ

რასიზმთან ბრძოლით გამოწვეული ერთდღიანი პაუზის შემდეგ, ცინცინატის „მასტერსი“ განახლდა. გაიმართა ნახევარფინალური მატჩები და გაირკვა, რომ შაბათს, ტიტულისთვის ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და კანადელი მილოშ რაონიჩი იბრძოლებენ.

ჯოკოვიჩს სამსაათიანი ბრძოლის გადატანა მოუწია ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის წინააღმდეგ და ახლოს იყო წაგებასთან. მესამე სეტში სერბი ჯერ ბრეიკით ჩამორჩა, შემდეგ 5:2 დაწინაურდა, რასაც ზედიზედ ოთხი გეიმის წაგება მოაყოლა და ბაუტისტამ 6:5-ზე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ თამაშის მოგების რეალური შანსი ვერ გამოიყენა. ჯოკოვიჩმა ბრეიკით ანგარიში გაათანაბრა და ტაი-ბრეიკი „მშრალი“ ანგარიშით მოიგო – 4:6, 6:4, 7:6(0).

ნოვაკმა ბოლო 20 ტაი-ბრეიკიდან მე-19 მოიგო, ამ სეზონში კი კვლავაც დაუმარცხებელია – 22 მატჩი და 22 მოგება.

ორივე ჩოგბურთელი არ იყო დამაჯერებელი საკუთარ მოწოდებაზე – ჯოკოვიჩმა 12 ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა ესპანელს და ექვსჯერ წააგო საკუთარი მოწოდება, თავად კი 14 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ასევე ექვსჯერ აიღო მეტოქის გეიმი.

საინტერესოა, რომ ამ მატჩამდე ბაუტისტა აგუტს ზედიზედ სამჯერ ჰყავდა ჰარდზე დამარცხებული ჯოკოვიჩი და ახლოს იყო ზედიზედ მეოთხე მოგებასთან. აქამდე სერბი ჰარდზე ზედიზედ ოთხჯერ მხოლოდ ენდი როდიკსა და ჟო-ვილფრიდ ცონგას ჰყავთ დამარცხებული.

ჯოკოვიჩი 51-ედ გავიდა „მასტერსის“ ტურნირების ფინალში და ამით რაფაელ ნადალის რეკორდი გაიმეორა. გადამწყვეტ მატჩში მისი მეტოქე კანადელი მილოშ რაონიჩი იქნება, რომელმაც საათსა და 38 წუთში 7:6(5), 6:3 მოუგო სტეფანოს ციციპასს. ორივე ჩოგბურთელი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდა საკუთარ გეიმებში – მათ ერთმანეთს თითო ბრეიკ-პოინტის შანსი მისცეს – რაონიჩმა ეს შანსი გამოიყენა, ციციპასმა კი ვერ შეძლო. კანადელი ბოლო ოთხწელიწადნახევარში პირველად გავიდა „მასტერსის“ ტურნირის ფინალში.

ფინალში შაბათს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. ჯოკოვიჩი და რაონიჩი პროფესიულ ტურში 10-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ათივე შეხვედრა სერბმა მოიგო.