ციმბირში ტყის ხანძართან დაკავშირებით მოსახლეობა ხელისუფლებას პეტიციით მიმართავს და სათანადო ზომების მიღებისკენ​ მოუწოდებს
ციმბირში ტყის ხანძართან დაკავშირებით მოსახლეობა ხელისუფლებას პეტიციით მიმართავს და სათანადო ზომების მიღებისკენ​ მოუწოდებს

ციმბირში მძვინვარე ტყის ხანძართან დაკავშირებით მოსახლეობამ პეტიცია შეადგინა, რომელიც ხელისუფლებას სტიქიის წინააღმდეგ სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. პეტიციას ხელი უკვე 700 ათასმა ადამიანმა მოაწერა.

მოსახლეობის უკმაყოფილება საგანგებო სიტუაციების სამსახურის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, შესაბამის სამსახურებში განაცხადეს, რომ ციმბირის დაუსახლებელ ადგილებში ცეცხლის ჩაქრობას არ აპირებენ, რადგან აღნიშნულ რეგიონებში მძვინვარე ხანძარი ადამიანებისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ციმბირში მასშტაბურმა ხანძარმა უკვე 7,6 მილიონი ჰექტარი მიწის ფართობი გადაწვა. „გრინფისმა“ სტიქია ეკოლოგიურ კატასტროფად შეაფასა. სტიქიასთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მონღოლეთის მოსაზღვრე ირკუტსკის ოლქში, კრასნოიარსკის მხარეში, ბურიატიის ორ რაიონში და იაკუტიის ერთ-ერთ რაიონში. ციმბირის ყველა დიდი ქალაქი კვამლითაა დაფარული.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ოპერაციაში სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.