ციხელაშვილი - ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია ქუტაშვილისა და პავლიაშვილის დაკავებისა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე
ციხელაშვილი - ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია ქუტაშვილისა და პავლიაშვილის დაკავებისა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არ ფლობს ინფორმაციას ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების მიზეზებზე, ასევე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე.

„იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი, ჩვენი ორი თანამოქალაქე, რომელიც 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს, თავისუფლები არიან. დღეს გადმოვიდნენ ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და თავს გრძნობენ ნორმალურად.

რაც შეეხება დაკავების მიზეზებს და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებს, ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია სამწუხაროდ“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დღეს დატოვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.