ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა. ის მანამდე სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სანდრო ცირეკიძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.
„სხვადასხვა დროს იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა მასშტაბური და კომპლექსური ტექნოლოგიური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე თანამედროვე საინჟინრო და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესებს. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. საჯარო სექტორში საქმიანობის დაწყებამდე კერძო სფეროში წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიური მიდგომებისა და მაღალი ეფექტიანობის მქონე გადაწყვეტილებების დანერგვაზე იყო პასუხისმგებელი. ახალ პოზიციაზე სანდრო ცირეკიძის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ციფრული მმართველობის პროცესის წარმართვა, მოქალაქეზე ორიენტირებული, თანამედროვე და უსაფრთხო ციფრული ეკოსისტემის განვითარება, სახელმწიფო სერვისების შემდგომი ტრანსფორმაცია და ინოვაციების ხელშეწყობა“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.