ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი სამი ბავშვიდან, წინასწარი კვლევით, ერთს ინდური შტამი დაუდასტურდა
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი სამი ბავშვიდან, წინასწარი კვლევით, ერთს ინდური შტამი დაუდასტურდა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული სამი ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, ამ სამი პაციენტიდან ერთ-ერთი აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვია, რომელსაც პირველადი სპეციფიკური „პისიარ“ ტესტით კორონავირუსის ეგრეთ წოდებული ინდური შტამი დაუდასტურდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, საბოლოო პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კვლევები დასრულდება.

„კლინიკაში მყოფი დაავადებულებიდან დაახლოებით 20-30 პროცენტი მცირე ასაკის ბავშვები არიან. აქედან სამი პაციენტი არის ორ თვემდე ასაკის, ერთ-ერთი კი ათი დღისაა. სამივე მათგანი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, შესაბამისად, მათი მდგომარეობა მძიმეა. სიმძიმე გამოწვეულია რესპირაციული სისტემის პრობლემებით. ეს არის კოვიდთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი. მცირე ასაკის ბავშვებისა და ახალშობილების უმეტესობას დიდი გართულებებისა და სიკვდილიანობის გარეშე გადააქვთ ეს ინფექცია. რაც შეეხება დელტა ვარიანტს, იგივე ინდურ შტამს, ის ერთ-ერთ ჩვილთან სპეციალური „პისიარ“ ტესტირებით არის დადასტურებული, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ არაა. გენომის სეკვენირება დროში გაწელილია და უფრო რთული კვლევაა, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო პასუხსაც მივიღებთ. წინასწარი პასუხის მიხედვით, ერთ ბავშვთან (და არა სამივესთან), რომელიც აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტია, დადასტურებულია დელტა შტამი. როგორც მოგეხსენებათ, იქ ძირითადად ეს შტამია გავრცელებული“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

ამასთან, კლინიკის დირექტორმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ წინასწარი კვლევებით, კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ერთ ბავშვს კორონავირუსის ეგრეთ წოდებული ბრიტანული შტამი დაუდასტურდა.

„იმ სამიდან ერთ-ერთს სპეციფიკური „პისიარ“ ტესტით უკვე დადასტურებული აქვს ალფა ანუ ბრიტანული შტამი. იმის მტკიცება, რომ სამივესთან ინდური შტამია, ასე არ არის. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით როგორც არის მოწოდებული პედიატრიულ პაციენტებში, მივყვებით „კოვიდ-19“- ის მკურნალობის პროტოკოლს. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს და არის მხოლოდ სიმპტომური, იმ წესით, როგორიც დღეს მსოფლიოშია მიღებული. ვერ ვიტყვით, რომ ამ ბავშვების მდგომარეობის გართულება დაგვიანებული მომართვიანობით არის გამოწვეული. ეს პაციენტი იწვა სხვა კლინიკაში და შემდეგ გადმოიყვანეს ჩვენთან. თავიდანვე მოათავსეს კლინიკაში. რაც შეეხება თანმხლებ დაავადებებს, ამ პაციენტებთან არ გვქონია და შესაბამისად, რაიმე ქრონიკული ან დატვირთული ანამნეზით პაციენტები არ ყოფილან. ყველა საყოფაცხოვრებო კონტაქტი იყო, მათი კონტაქტებიც ინფიცირებულები არიან“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.