ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარების კომისიამ აბაშაში მუშაობა დაასრულა
ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარების კომისიამ აბაშაში მუშაობა დაასრულა

საპატრიარქოს მიერ შექმნილმა ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარების სპეციალურმა კომისიამ აბაშაში მუშაობა დაასრულა. კომისიამ აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, სუჯუნის საპატრიარქო სახლი (აკაკი ხოშტარიას ყოფილი სასახლე), სოფელ მარანში კულტურის ცენტრი, აბაშაში მშენებარე საკვირაო სკოლა და რამდენიმე მიწის ნაკვეთი დაათვალიერა. კომისიამ უკვე გადაიბარა დოკუმენტაციაც. გადაიღეს ფოტო-ვიდეო მასალაც.

მანამდე საპატრიარქოს კომისიამ მარტვილის გადაბარების პროცესი დაასრულა.

კომისიის წევრი, მამა გიორგი ქვარცხავა ამბობს, რომ სამუშაოები ფაქტობრივად დასრულდა, თუმცა გადაბარების პროცესი შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ დასრულდება. შემაჯამებელი ოქმის შედგენის დრო ჯერ უცნობია.

საპატრიარქოს სპეციალური კომისია მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ხუთი დღის განმავლობაში მუშაობდა.