„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ თბილისში პარტიის ოფისი გახსნა [ფოტო]
„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ თბილისში პარტიის ოფისი გახსნა [ფოტო]

პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“ თბილისში ცენტრალური ოფისი გახსნა.

ახალი პარტია 2020 წლის არჩევნებში ერთვება და კანდიდატებს 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში წარადგენს.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, პარტია საარჩევნო პროგრამას პირველ აგვისტოს წარადგენს.

„ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის ხელშესახებ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროგრამა. ჩვენ გვექნება პროგრამის დეტალური განხილვა, როგორც ჩვენ საზოგადოებასთან, ასევე დიპლომატიურ კორპუსთან. 10 აგვისტოს თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარვადგენთ, ხოლო 20 აგვისტოდან იმ კანდიდატების სია გახდება ცნობილი, ვინც ჩვენი პარტიის სახელით იბრძოლებენ რეგიონებიდან. ძალიან ძლიერი გუნდით წარვდგებით ჩვენი საზოგადოების წინაშე. თუ კი სხვა პარტიებს აქვთ ძლიერი ფინანსური რესურსი, ჩვენ ამ ძლიერ ფინანსურ კაპიტალს დავუპირისპირებთ ადამიანურ და სოციალურ კაპიტალს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარტია საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა შექმნეს.