„ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის კეთილდღეობა ვალუტის მერყეობაზე დამოკიდებული არ იყოს“
„ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის კეთილდღეობა ვალუტის მერყეობაზე დამოკიდებული არ იყოს“

ჩვენ ეროვნული ვალუტის მცურავი კურსი გვაქვს და კურსს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით გააკეთა.

„არაერთხელ მითქვამს და დღესაც უნდა აღვნიშნო, რომ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. ჩვენ მცურავი კურსი გვაქვს. მცურავი კურსი ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული და ეს მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს კურსს, რომელიც ჩვენ გვექნება. ეროვნულმა ბანკმა განცხადება გააკეთა და მინდა ამ განცხადებას დავეყრდნო, რომლის მიხედვითაც, თუ დადასტურდება და ეროვნული ბანკი შენიშნავს, რომ ეკონომიკაზე ინფლაციური წნეხია, ის მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს მაქსიმალურად გამოიყენებს. რაც შეეხება ლარიზაციის მიმართულებას, აქ ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა არსებობს, რომელსაც ხელისუფლება, მათ შორის ეროვნული ბანკი მიჰყვება და გარკვეული საკანონმდებლო პაკეტი დღეს პარლამენტშია. შესაბამისად, ლარიზაციის პროცესი გაგრძელდება. ჩვენი ამოცანა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ვალუტის მერყეობა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე დამოკიდებული არ იყოს, რაც ორ რამეში გამოისახება. პირველი ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ფასები არ უნდა გაძვირდეს. მეორე არის ის, რომ ჩვენს მოსახლეობას ბანკში მეტის ან ნაკლების გადახდა არ უნდა მოუწიოს იმის მიხედვით, თუ რომელიმე ვალუტა რას იზამს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.