„ჩვენ ვითვლით წამებს” - ამ სლოგანით ,,თეთრი ხმაურის მოძრაობამ” მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა
„ჩვენ ვითვლით წამებს” - ამ სლოგანით ,,თეთრი ხმაურის მოძრაობამ” მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა

„ჩვენ ვითვლით წამებს” – ამ სლოგანით ,,თეთრი ხმაურის მოძრაობამ” მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა, აქციის მონაწილეები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრასა და დიალოგს მოითხოვენ.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, მათი მოძრაობის მოთხოვნაა, შეხვდეს ხელისუფლებას და მათთან ღია დისკუსია გამართონ.

„გუშინ პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადეს, რომ მათ არ ყოფნით არგუმენტები შესული კანონპროექტის იმპლემენტაციისთვის, ჩვენ გვაქვს რეფორმის უამრავი სასარგებლო არგუმენტი და ვითხოვთ ხელისუფლებასთან შეხვედრას. მზად ვართ, ხელისუფლებას წარვუდგინოთ ყველა ის არგუმენტი, რომელიც ამ კანონპროექტის წარმატებულობას ადასტურებს“, – განაცხადა წიქარიშვილმა.

ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტ გურამ იმნაძის განმარტებით, კანონპროექტი მიზნად არ ისახავს ნარკოტიკის პროპაგანდას ან ნარკოტიკის მომხმარებლებისთვის სამოთხის მოწყობას.

„ამ კანონპროექტის პასუხიმგებლობა გაცილებით დიდია და მიზნად ისახავს არა მარტო ნარკომომხმარებლების, არამედ მათი ოჯახებისა და ახლობლების მდგომარეობის რადიკალურად შეცვლას და გაუმჯობესებას. კანონპროექტი ითვალისწინებს დიდი და სისტემური მექანიზმების გატარებას პრევენციისა და ჯანდაცვის კუთხით, სწორედ ეს მექანიზმები არის ის, რითიც ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ნარკოტიკის მოხმარების მაღალი დონე ქვეყანაში“, – განაცხადა გურამ იმნაძემ.