ჩუმლაყში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
ჩუმლაყში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე დაცვის მხარემ დაკავებული ალექსანდრე ტურიაშვილისთვის გირაო, ხუთი ათასი ლარის ოდენობით მოითხოვა, ხოლო ჯუანშერ ტურიაშვილისთვის ათიათას-ლარიანი გირაო და ელექტრონული სამაჯურის გამოყენება. ადვოკატის შუამდგომლობას მოსამართლე არ დაეთანხმა.

ჯუანშერ ტურიაშვილი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, ხოლო ალექსანდრე ტურიაშვილი ბრალს არ ეთანხმება.

გამოძიება ალექსანდრე ტურიაშვილს განსაკუთრებუით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ჯუანშერ ტურიაშვილს კი მკვლელობასა და სამი ადამიანის დაჭრას ედავება.

შემთხვევა 25 მარტს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი მკვლელობა შემთხვევიდან მეორე დღეს გახსნა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით, დანაშაულის ჩადენის ორი ერთეული „აკაესის“ ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდით და რვა ვაზნით ამოიღო.

სროლის დროს დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი. მან გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკა დატოვა. ორი დაშავებული კი ამ დრომდე მკურნალობის კურსს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსისა” და თბილისის „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო – განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 მაისს ჩაინიშნა.