ჩუმლაყში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს ბრალი წარუდგინეს
ჩუმლაყში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს ბრალი წარუდგინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს ბრალი შს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარედგინა. ადვოკატის ინფორმაციით, ორივე დაკავებული თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ.

„გავეცნობი შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და მივიღებ გადაწყვეტილებას. ხვალ შევხვდები დაკავებულებს და მათთან შეთანხმებით მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ადვოკატმა ილია ოთარაშვილმა.

დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

შემთხვევა 25 მარტს, დილით ჩუმლაყი-ყიტაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. მიმავალ ავტომანქანა „მერსედესს“ ჩასაფრებიდან ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, ადგილზე გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით მიმდინარეობს.