ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება
ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებსა და დონორ ორგანიზაციებს რიკოთის საუღელტეხილო გზის, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

პროექტის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ასევე, აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია 22 ახალი ხიდისა და სამი გვირაბის მშენებლობა. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა; გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.

ჩათელეთი-ხევის გზის ბოლო დაახლოებით 2,5 კმ სიგრძის მონაკვეთი უახლოვდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ხევი, გრიგალათი, ციცქიური და წაქვა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (1 სექცია) 11,77 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (2 სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (3 სექცია) 13 კმ, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (4 სექცია) 14,7კმ.

ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ორ მონაკვეთზე გამოცხადებულ ტენდერში რამდენიმე დღეში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება; უახლოეს დღეებში დაიწყება მუშაობა დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებაზე, რაც დაიცავს სურამს ქაოტური მშენებლობებისგან და დაეხმარება მისი ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

სამინისტროს ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება კი ქვეყნის სივრიცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილეს კომპონენტს წარმოადგენს.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს.