ჩუღურეთის მე-10 და რუსთავის 45-ე საარჩევნო ოლქებში უარყოფენ საია-ს ინფორმაციას, თითქოს მათ დამკვირვებლებს ხელი შეუშალეს
ჩუღურეთის მე-10 და რუსთავის 45-ე საარჩევნო ოლქებში უარყოფენ საია-ს ინფორმაციას, თითქოს მათ დამკვირვებლებს ხელი შეუშალეს

ჩუღურეთის მე-10 და რუსთავის 45-ე ოლქებში კომენტარი გააკეთეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მათ დამკვირვებლებს ხელი შეუშალეს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში.

დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მიუხედავად არაკონკურენტული მეორე ტურისა, პირველი ტურის მსგავასად ამომრჩევლის ნების კონტროლი კვლავ გამოწვევად რჩება. უბნებზე მობილიზებული არიან კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გარემოს ქმნიან. ასევე ორ შემთხვევაში ( ჩუღურეთის ოლქის #10 და რუსთავის ოლქის #45) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ“, – აღნიშნულია საია-ს ინფორმაციაში.

ამასთან, ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა, მაია გვენეტაძემ აღნიშნა, რომ უბანზე არანაირი საჩივარი არ დაწერილა.

„საია-ს წარმომადგენელი მოვიდა უბანზე, სულ 10 წუთი დაჰყო და წავიდა, სხვა უბნებიც უნდა ვნახოო. უბანზე არაფერი ინციდენტი არ ყოფილა. იკითხა, დაბლა ხალხი რომ არის შეკრებილი, ვინ არიანო და ვუთხარი, რომ ისინი ჩვენს უბანს არ ეკუთვნოდნენ“, – განაცხადა მაია გვენეტაძემ.

ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ კალმახელიძემ კი აღნიშნა, რომ არანაირი დარღვევის შესახებ არ შესულა განაცხადი.

„თუკი რაიმე მსგავსი იქნება, მოკვლევას ჩავატარებთ. თუკი რაიმე საჩივარი იქნება, რა თქმა უნდა, რეაგირებას მოვახდენთ. ამ ეტაპისთვის საოლქო კომისიაში დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა, საჩივარი არ შემოსულა“, – განაცხადა თინათინ კალმახელიძემ.

საია-ს განცხადებაზე ისაუბრა რუსთავის N45 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაკა პაქსაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი დღის მეორე ნახევარში მივიდა უბანზე.

„ის უბანზე გაჩერდა დაახლოებით 15-20 წუთი, შემდეგ უბნიდან გავიდა და გარეთ რა ინციდენტი მოხდა არ ვიცი. შიგნით კომისიაში უბნის წარმომადგენლებთან არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ცოტა ხანში დაბრუნდა ის უბანზე, აიღო პირადი ნივთები და გავიდა უბნიდან. ჩვენ უბანზე არანაირი საჩივარი არ არის დაწერილი“, – განაცხადა რუსთავის ოლქის N45 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

დატოვე კომენტარი