ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში თვითნებურად შესახლებულებს ჩუღურეთის გამგებელი შეხვდა
ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში თვითნებურად შესახლებულებს ჩუღურეთის გამგებელი შეხვდა

ჩუბინაშვილის #52-ში მდებარე შენობაში თვითნებურად შესახლებულ დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს ჩუღურეთის გამგებელი შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულებმა განაცხადეს, ზურაბ ჩიკვილაძეს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

ოჯახები გამგეობისგან ბინით უზრუნველყოფას ან ბინის შესაძენად საკმარისი თანხის მიღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოციალურად დაუცველები განმარტავენ, რომ დღეს ჩუღურეთის გამგებლისგან მათ მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ და ზურაბ ჩიკვილაძე მათ მხოლოდ საკითხის შესწავლას დაჰპირდა. თავად გამგებლის ინფორმაციით კი, ყველა მოქალაქე კომპენსაციას კანონის შესაბამისად მიიღებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ ადამიანს ღია ცის ქვეშ არ ვტოვებთ. ვისაც ესაჭიროება, რომ ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩავრთოთ, აუცილებლად ჩავრთავთ. კომპანია, რომლის საკუთრებაშიც ცხოვრობენ ეს ოჯახები, საუბარია შეჭრილ ოჯახებზე. მათ გარკვეული რაოდენობის კომპენსაციებს აძლევს. ეს ჩვენთვის ძალიან მისასალმებელია და მათ დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა“, – განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ.