ჭუბერში 21 საცხოვრებელს დანგრევის საფრთხე ემუქრება
ჭუბერში 21 საცხოვრებელს დანგრევის საფრთხე ემუქრება

ჭუბერში სტიქიის შედეგად სამი სახლი დაინგრა და 21 საცხოვრებელს დანგრევის საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

გვიან ღამით მდინარე ნენსკრა ისევ ადიდდა და რამდენი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

როგორც პირველ არხს ჭუბერის თემის რწმუნებულმა ნინო ვიბლიანმა განუცხადა, მდინარეში წყლის დონემ შედარებით დაიწია, საშიშროება ნაკლებია, თუმცა არსებობს ეპიცენტრები, სადაც საცხოვრებლების დატბორვის საფრთხე ჯერ კიდევ არის.

ვიბლიანის თქმით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა, სოფლიდან გაყვანილია. მისი თქმით, რამდენიმე სახლი, სადაც წყალი შესულია და ნახევრად გამონგრეულია, შეიძლება კიდევ ჩამოიშალოს.

ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად გუშინ ფრიდონ ცინდელიანის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ​ მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია.