ჭუბერში მდინარე ნენსკრას კალაპოტში მოსაქცევად სამუშაოები მიმდინარეობს
ჭუბერში მდინარე ნენსკრას კალაპოტში მოსაქცევად სამუშაოები მიმდინარეობს

ჭუბერში მდინარე ნენსკრას კალაპოტში მოსაქცევად სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც პირველ არხს ჭუბერის თემის რწმუნებულმა ნინო ვიბლიანმა განუცხადა, ღამით ექსპლუატაციაში შევიდა პანელური ხიდი, რომლის მეშვეობითაც სამშენებლო ტექნიკის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანა მოხერხდა.

„პანელური ასაწყობი ხიდი გუშინ ექსპლუატაციაში შევიდა და გაიხსნა. უკვე შესაძლებელია, ხიდის საშუალებით მარცხენა სანაპიროს მარტივად დავუკავშირდეთ. მარცხენა სანაპიროზე მძიმე ტექნიკა გადაიყვანეს, ამასთან, მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები და მდინარის კალაპოტში მოქცევა. კუნძულები წარმოიქმნა და ამის გამო, ახლა კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეტაპობრივად ყველაფერი დალაგდება“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

ჭუბერში პრობლემები რამდენიმე დღის წინ, მდინარე ნენსკრას ადიდების გამო შეიქმნა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა, დაიტბორა გზები, ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლები და ხიდები წაიღო. ჭუბერში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწევს კოორდინაციას.