ჭუბერის ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება
ჭუბერის ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება

ჭუბერის ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება.

როგორც 1Tv.ge-ს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში განუცხადეს, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ხეობაში ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ.

„ვითარება არ შეცვლილა. ჭუბერის ნახევარს ელექტროენერგია მიეწოდება, მეორე ნახევარი ისევ გათიშულია. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და დღის ბოლომდე სრულად თუ ვერ მოხერხდება, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მაინც აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება“, – განაცხადეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას ართულებს მეტეოროლოგიური პირობები და სტიქიის შედეგად გზების დაზიანება. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, სადამდეც გზა იძლევა იმის საშუალებას, რომ ელექტროსადენების დაზიანების ადგილამდე მიაღწიო ტექნიკურმა ჯგუფებმა, ასეთ ადგილებში სამუშაოების შეუფერხებლად გრძელდება.

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის რთული ვითარებაა, რადგან მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩამოიშალა და სოფლის ეს ორი ნაწილი ერთმანეთს ვერ უკავშირდება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ალტერნატიული გზების მოძიება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ​ მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია.