„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” აფეთქების საქმეზე ხორვატიაში უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ჟურავლევი დააკავეს
„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” აფეთქების საქმეზე ხორვატიაში უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ჟურავლევი დააკავეს. მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მედიის ცნობით, ჟურავლევი პულის რაიონულ სასამართლოში რაიონული პროკურატურის მიერ დაკითხვის შემდეგ მიიყვანეს. დაკავებულის ადვოკატის, მატია მილოშის თქმით, ჟურავლევს, სავარაუდოდ, გერმანიაში გადაიყვანენ.
„ჩემი კლიენტი წინასწარ პატიმრობაშია სახელმწიფო პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაცემული ევროპული დაპატიმრების ორდერის შესაბამისად, რომელიც მისი ექსტრადიციის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. თუმცა ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია შემდგომი პროცესი, რომლის დროსაც სასამართლო გადაწყვეტს, დაკმაყოფილებულია თუ არა ექსტრადიციის პირობები“, – თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ აფეთქებაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ჟურავლევი 19 აგვისტოს ხორვატიაში დააკავეს. ამავე საქმეში პირველ ფიგურანტს, უკრაინის მოქალაქეს, სერგეი კუზნეცოვს, რომელსაც ბრალად ედება ორი რუსული გაზსადენის ოთხი მილიდან სამის აფეთქებაში მონაწილეობა, გერმანიაში უკვე წაუყენეს ბრალი. ის 2025 წლის ზაფხულში იტალიაში დააკავეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმეში სულ შვიდი ეჭვმიტანილია. გერმანელი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ამ დივერსიების ორგანიზებაში უკრაინის სახელმწიფოა ჩართული. გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელიც ბალტიის ზღვაში მდებარეობს, 2022 წლის სექტემბერში ააფეთქეს.