„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყვანა შესაძლოა, დანიის თანხმობის გარეშეც დაიწყოს
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყვანა შესაძლოა, დანიის თანხმობის გარეშეც დაიწყოს

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანა დანიის თანხმობის გარეშეც დაიწყება. ამის შესახებ განცხადება პროექტის ფინანსურმა დირექტორმა, პოლ კორკორანმა გააკეთა.

„თუ დანიის მთავრობა გაზსადენის გაყვანას არ დათანხმდება, მოგვიწევს მარშრუტის შეცვლა და ის დანიის სიახლოვეს, საერთაშორისო წყლებში გაივლის.“ – განაცხადა კორკრანმა.

ამასთან ერთად, როგორც კომპანიაში განმარტეს, გაზსადენის საერთაშორისო წყლებში გაყვანის ნებართვის მისაღებად განაცხადი ჯერ არ გაკეთებულა, რადგან პროექტის ხელმძღვანელები დანიის მთავრობის გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ელოდებიან.

როგორც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ფინანსური დირექტორი აცხადებს, გეგმის მიხედვით, დანიის ტერიტორიაზე გაზსადენის 10% გაივლის. სანაპირზე სამუშაოები უკვე დაწყებულია და მილების ჩაყრა შესაძლოა, მომდევნო კვირას დაიწყოს.

შეგახსენებთ, 2017 წლის შემოდგომაზე დანიის პარლამენტმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყვანა აკრძალა. ამის მიზეზად დეპუტატებმა „საგარეო პოლიტიკური და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები“ დაასახელეს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკვე მეორე გაზსადენია, რომელიც გერმანიას და რუსეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. პროექტის ღირებულება 9,5 მილიარდი ევროა. თანხის ნახევარს რუსული „გაზპრომი“ იხდის, ხოლო მეორე ნაწილს ხუთი ევროპული კონცერნი.

პროექტის წინააღმდეგ გამოდიან აშშ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა.

დატოვე კომენტარი