ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს მივიღებთ, ეს ევროკავშირის სანდოობას ძირს გამოუთხრის
ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს მივიღებთ, ეს ევროკავშირის სანდოობას ძირს გამოუთხრის

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ ევროკავშირი წელსაც არ დათანხმდება ჩრდილოეთ მაკედონიის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, მაშინ ევროკავშირში სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ასეთი განცხადება ნიკოლა დიმიტროვმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ჩვენს რეგიონში გვაქვს მხოლოდ ორი ხედვა. ევროპული ხედვა, რომლის მიხედვითაც რეგიონის ყველა სახელმწიფო უკეთეს დემოკრატებად გარდაიქმნება, რომ ეს სახელმწიფოები იმართება კანონის უზენაესობის პრინციპით და ყველა ერთმანეთთან ითანამშრომლებს. მეორე ხედვა არის ფოკუსირებული საზღვრებზე, განსაკუთრებით ეთნიკურ საზღვრებზე და ჩვენ ვნახეთ, რა მოუტანა რეგიონს ასეთმა ხედვამ 90-იან წლებში“, – განაცხადა დიმიტროვმა.

ჩრდილოეთ მაკედონია 2005 წლის შემდეგ არის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი კანდიდატი. შარშან ქვეყნის ხელისუფლებამ შეძლო მეზობელ საბერძნეთთან მრავალწლიანი დავის მოგვარება, რომელიც ქვეყნის სახელწოდებას ეხებოდა. ევროკავშირისა და ნატო-ში აცხადებდნენ, რომ სწორედ ეს იყო მთავარი ბარიერი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ხელს უშლის.

გასულ კვირას ევროკომისიამ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად დადებითი რეკომენდაცია გასცა, თუმცა ამისთვის აუცილებელია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა. ამ თემაზე ევროკავშირის საბჭო ივნისში იმსჯელებს.