ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების მიზნით ბულგარეთთან დავის მოგვარებას ითვალისწინებს
ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების მიზნით ბულგარეთთან დავის მოგვარებას ითვალისწინებს

ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს საფრანგეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ბულგარეთთან დავის მოგვარებას და ამ გზით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი გზის მომზადებას. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

ჩრდილოეთ მაკედონიის 120-კაციანი პარლამენტიდან შეთანხმებას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა. ოპოზიციონერ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

შეთანხმება ითვალისწინებს ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუციაში ბულგარელი უმცირესობის აღიარებას, ხოლო სხვა დანარჩენი საკითხები სკოპიესა და სოფიას შორის განიხილება. წინადადება არ მოსთხოვს ბულგარეთს მაკედონიური ენის აღიარებას.

სანაცვლოდ, ბულგარეთი ჩრდილოეთ მაკედონიას მისცემს უფლებას, რომ ოფიციალურმა სკოპიემ დაიწყოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები.

ჩრდილოეთ მაკედონია, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, 17 წელია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ გაერთიანებაში შესვლაზე მოლაპარაკებების დაწყება ჯერ საბერძნეთმა, ხოლო შემდეგ კი ბულგარეთმა დაბლოკა.