ჩრდილოეთ მაკედონიის ასამბლეის პრეზიდენტი – ჩვენ გვჯერა დიალოგის, კონსტრუქციული პარტნიორობის, უახლოეს წარსულში ვნახეთ, რეგიონულ თანამშრომლობას როგორ შეუძლია, ხელი შეუწყოს მშვიდობას, სტაბილურობას
ჩვენ გვჯერა დიალოგის, კონსტრუქციული პარტნიორობის. გვჯერა, რომ ამით შეგვიძლია, ავითვისოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რაც ყველაზე ახდენს გავლენას, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტმა, აფრიმ გაშმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და მედეგობა.
ამასთან, აფრიმ გაშმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის სახელით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ წინაშე წარდგომის შესაძლებლობისთვის. უღრმესი მადლობა საქართველოს პარლამენტს გულთბილი მასპინძლობისა და ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ნამდვილად დიდი პატივია, მონაწილეობას ვიღებდეთ ასეთ გამორჩეულ შეხვედრაზე, სადაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების გამორჩეული წარმომადგენლები ბრძანდებიან.
დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მისი ლიდერობისა და საქმიანობისთვის. დიალოგის ხელშეწყობისა და ჩვენი ქვეყნების დაახლოების თქვენეული მიზანი ყველას შთაგვაგონებს, ვიმუშაოთ ერთად საერთო მიზნების მისაღწევად. ამ შეხვედრაზე დასწრებით კიდევ ერთხელ ცხადი ხდება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა. ჩვენი მომავალი დაფუძნებული იქნება დღეს ჩამოყალიბებულ თანამშრომლობაზე. ჩრდილოეთ მაკედონია ვალდებულებას იღებს, გააგრძელოს ეს თანამშრომლობა, რადგან ვხედავთ შავი ზღვის რეგიონს და შუა დერეფანს, როგორც მნიშვნელოვან ასპექტს ადამიანთა შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად. ჩვენ გვჯერა დიალოგის, კონსტრუქციული პარტნიორობის. გვჯერა, რომ ამით შეგვიძლია, ავითვისოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რაც ყველაზე ახდენს გავლენას. უახლოეს წარსულში ვნახეთ, რეგიონულ თანამშრომლობას როგორ შეუძლია, ხელი შეუწყოს მშვიდობას, სტაბილურობას. მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და მედეგობა. ჩვენი ქვეყნები, განსხვავების მიუხედავად, ატარებენ საერთო ასპირაციებს, რათა შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. აუცილებელია, ხაზი გავუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ინკლუზიურობა“, – განაცხადა აფრიმ გაშმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.