ჩრდილოეთ მაკედონიამ ისტორია დაწერა - გერმანია შინ ისტორიაში მეორედ დამარცხდა #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო გააოცა, რადგან 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გასვლაზე დუისბურგში გერმანია გორან პანდევისა და ელიფ ელმასის გოლებით, ანგარიშით 1:2 დაამარცხა.
ჩრდილოეთ მაკედონიამ ამით არა მხოლოდ საკუთარი ისტორია დაწერა, არამედ ერთ-ერთი დიდი სასწაულის ავტორიც გახდა, რადგან გერმანიის ნაკრების თავისი არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში საშინაო არენაზე მხოლოდ მეორედ დამარცხდა.
მანამდე გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მხოლოდ ინგლისმა მოიგო. ეს 2001 წელს მოხდა, როდესაც ბუნდესნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი განიცადა – 1:5.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა, რაინ-ვესტფალიის რეგიონში მცხოვრები და დროებით მომუშავე ჩრდილომაკედონიელები დუისბურგიდან, დიუსელდორფიდან, ესენიდან, ობერჰაუზენიდან სტადიონის გარშემო შეიკრიბნენ, გამარჯვება დიდი ზეიმით აღნიშნეს და ქვეყნის ეროვნულ გუნდს სიმღერით შეხვდნენ.
ჩრდილოეთ მაკედონია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის „J” ჯგუფში სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულით მეორე ადგილზეა. პირველზე ცხრა ქულით სომხეთია, გერმანია (ექვსი ქულა) კი მხოლოდ მესამეა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიამ თბილისში ევრო2020-ის პლეი-ოფში საქართველო ანგარიშით 0:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.