ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო ადასტურებს, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში გეგმავს ჩასვლას
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში გეგმავს ჩასვლას.
სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კიმ ჩენ ინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებები. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში ვლადიმირ პუტინის მიწვევით ჩადის.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია არ ასაჯაროებს ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დროსა და ადგილს, თუმცა როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებები ვლადივოსტოკში, კუნძულ რუსკიზე 25 აპრილს გაიმართება. ეს რუსეთში კიმ ჩენ ინის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება.
ამასთან, სამხრეთკორეული მედია წერს, რომ კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩჟონი უკვე ვლადივოსტოკში იმყოფება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტის მოსამზადებლად.