ჩრდილოეთ კორეის პირველმა დიპლომატმა შვედ კოლეგასთან დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სავარაუდო შეხვედრაზე იმსჯელა
ჩრდილოეთ კორეის პირველმა დიპლომატმა შვედ კოლეგასთან დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სავარაუდო შეხვედრაზე იმსჯელა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რი იონგი, შვედეთში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, ფხენიანში დაბრუნდა.

სტოკჰოლმში შვედ კოლეგასთან, მარგოტ ვალსტრომთან მისი მოლაპარაკებების თემა კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების საკითხები და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის სავარაუდო შეხვედრისთვის ნიადაგის მომზადება იყო.

შვედეთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებიც ორი ლიდერის უპრეცედენტო შეხვედრის ადგილად განიხილება.

რი იონგის ვიზიტამდე, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა ამ ვარაუდის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ აშშ და ჩრდილოეთ კორეა შვედეთს მოლაპარაკებებში ხელშემწყობ ფაქტორად განიხილავენ, ისინი მზად არიან მონაწილეობისთვის.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სავარაუდოდ მაისში შეხვდებიან.