ჩრდილოეთ კორეის ბოლო ბირთვული ცდის შედეგად, მთის სიმაღლე შეიცვალა
ჩრდილოეთ კორეის ბოლო ბირთვული ცდის შედეგად, მთის სიმაღლე შეიცვალა

ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწისქვეშ ჩატარებულმა წყალბადის ბომბის გამოცდამ მიმდებარე ლანდშაფტზე ისე ძლიერ იმოქმედა, რომ მთლიანი მთის ფორმაც კი შეცვალა.

აღნიშნული ტერიტორიის რადარული ანალიზის შედეგად, ნათლად გამოიკვეთა აფეთქების შედეგად შეცვლილი ლანდშაფტი, რომელიც საგანგაშო ამბავს გვიყვება.

ცდა გასული წლის სექტემბერში ჩატარდა. სეისმოგრაფებმა მიმდებარე რეგიონში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დააფიქსირა.

მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მთა, რომლის ქვეშაც ცდა ჩატარდა, სიმაღლეში ნახევარი მეტრით შემცირდა, სიგანეში კი დაახლოებით 3,5 მეტრით განივრცო.

წლების განმავლობაში, სეისმოლოგიის ექსპერტები მსოფლიოს აფრთხილებდნენ, რომ ჩაკეტილ, თავნება სახელმწიფოთა ბირთვული არსენალის ცდებზე თვალთვალი შესაძლებელი იყო შორეულ აფეთქებათა შედეგად გამოწვეულ ბიძგებზე თვალყურის დევნებით.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი მიწისქვეშა ცდების შედეგად წარმოქმნილ გეოლოგიურ საფრთხეებს კოსმოსიდან დააკვირდა.

სინთეთიკური აპერტურის რადარის (SAR) ტექნოლოგია კონკრეტული ზონის თავზე თანამგზავრის მოძრაობის შედეგად ხაზავს ქვემოთ არსებული ლანდშაფტის დეტალურ 3D რუკას. გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს ამინდს.

მანტაპის მთის მიმდებარე ზონის ე. წ. before-and-after რუკის შესადგენად, მკვლევრებმა გერმანიის TerraSAR-X და იაპონიის ALOS-2 თანამგზავრების მონაცემები გამოიყენეს. მანტაპის მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 2205 მეტრია და მდებარეობს ჩრდილოეთ კორეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 2 204,5 მეტრი იყო.

ჩრდილოეთ კორეის ექვსივე ექსპერიმენტული აფეთქება მანტაპის მთის ბირთვული ცდების ლაბორატორია პუნგი-რიში ჩატარდა.

სექტემბრის აფეთქებასთან შედარებით, წინა აფეთქებები უბრალოდ არაფერი იყო. მკვლევართა აზრით, მისი სიღრმე 405 მეტრი იყო, სიმძლავრე კი 120-304 კილოტონა ტროტილის ექვივალენტი.

შედარებისათვის, 1945 წელს ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრე მხოლოდ 15 კილოტონა იყო.

ასეთი მასშტაბი იმაზე მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობის განცხადება წყალბადის პატარა ბომბის გამოცდის თაობაზე, შესაძლოა სიმართლე იყოს.

რადარული და სეისმოგრაფიული მონაცემების კომბინაციის შემდეგ გაირკვა, რომ მანტაპის მთა სტრესის ქვეშაა — მახასიათებელი, რომელსაც „დაღლილი მთის სინდრომს“ უწოდებენ და გულისხმობს მთის დასუსტებას მის ქვეშ მიმდინარე განმეორებითი აფეთქებების შედეგად.

წინა აფეთქებების შედეგად უკვე დაბზარული და შესუსტებული მთიდან, ბოლო აფეთქებისას გრანიტის ფენა ამოიტყორცნა და წარმოიქმნა 50- მეტრიანი ღრმული, საკმაოდ დანაწევრდა მიმდებარე გეოლოგიური მახასიათებლები.

აფეთქებისას, 2 მეტრით მაღლა უნდა აწეულიყო მთლიანი მთა, შემდეგ კი საწყის პოზიციას დაბრუნებოდა.

პირველი ბიძგებიდან 8,5 წუთის შემდეგ, დეტექტორებმა მეორე, შედარებით მცირე რყევა შენიშნეს, რომელიც სავარაუდოდ, შიგნით ღრმულის ჩანგრევით უნდა ყოფილიყო გამოწვეული.

რაც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტი ერთია — მთის სიმაღლე შემცირდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროგრამა სრულიად გასაიდუმლოებულია, შეუძლებელია იმის გარკვევა, კვლავ ფუნქციონირებს თუ არა პუნგი-რის ლაბორატორია.

თუმცა, ბირთვული განიარაღების შესახებ ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინელი განცხადებების ფონზე, ალბათ ნებისმიერ ბირთვული ცდა ამ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დააყენებს.

სიტუაციას ალბათ ყველაფერს ნათელს მოჰფენს უახლოეს ხანებში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები.

ორბიტული ფოტოგრაფიის ასეთი უზარმაზარი შესაძლებლობების წარმოჩენის ფონზე, არ არის გამორიცხული, დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები მალე ამ მიმართულებით გამოსადეგი უფრო მძლავრი ტექნოლოგიებით აღიჭურვონ.

„ამ კვლევამ დაგვანახა კოსმოსური ტექნოლოგიების შესაძლებლობა მიწისქვეშ მიმდინარე ბირთვული ცდების დახასიათებაში“, — ამბობს კვლევის ავტორი, სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი ტენგ ვანგი.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.berkeley.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით