ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ „ბიბისი“ (BBC) იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამოუცნობი ტიპის რაკეტები საპორტო ქალაქ ვონსანთან ახლოს გამოსცადეს. მათ იაპონიის ზღვის მიმართულებით 450 კილომეტრი იფრინეს. როგორც სამხრეთ კორეის უშიშროების საბჭოში განაცხადეს, ფხენიანმა შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა იაპონია. პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეში დარღვევაა.

ფხენიანის მიერ რაკეტის მორიგ გაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები განახლდება. ჯერ უცნობია, თუ სად გაიმართება სამუშაო ფორმატის შეხვედრა მხარეებს შორის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მოლაპარაკებები 5 ოქტომბერს შედგება.