ჩრდილოეთ კორეამ „ულტრათანამედროვე“, მაღალტექნოლოგიური იარაღი გამოსცადა. საუბარია ტაქტიკური ტიპის შეიარაღებაზე, რომელზეც მუშაობა თავდაცვის ეროვნული ინსტიტუტის პოლიგონზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოცდას ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინიც ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აგვისტოს მიწურულს ფხენიანში ვიზიტი გააუქმა. მაშინ მიზეზად დენუკლეარიზაციის პროცესში პროგრესის არარსებობა დასახელდა. ასევე არ შედგა რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკში დაგეგმილი მაიკ პომპეოსა და კორეის წარმომადგენლების შეხვედრაც.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეწყვეტაზე ივნისში სინგაპურში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ. მას შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ სამი ბირთვული პოლიგონი გაანადგურა, თუმცა ვაშინგტონი პროგრესს არასაკმარისად მიიჩნევს.