ჩრდილოეთ კავკასიაში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული 107 სამხედროს ნეშტი აღმოაჩინეს

02:29, 04.12.2018

ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმეთვიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული 107 სამხედროს ნეშტი აღმოაჩინეს, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ხელმძღვანელზე, ვადიმ ასტაფიევზე დაყრდნობით ავრცელებს.

107 სამხედროს ნეშტი აღმოჩენილია ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ინგუშეთის ტერიტორიებზე.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო სამხრეთის სამხედრო ოლქის 5000-მდე სამხედრო, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში გათხრებს მონაცვლეობით ატარებდნენ. ნეშტების გარდა, აღმოჩენილია 2000-მდე ვაზნა, 126 ერთეული იარაღი, ასევე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა პირადი ნივთები, მათ შორის ჩექმები, ჩაფხუტები, ღილები, ეკიპირების ელემენტები და სხვა ნივთები.

ყველაზე მეტი – 41 სამხედროს ნეშტი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილების იდენტიფიცირების პროცესი დაწყებულია.

დაღუპული სამხედროები კავკასიის დაცვის ბრძოლების (1942-1943 წლები) მონაწილეები არიან. აღნიშნულ ბრძოლებში ბევრი ქართველი მონაწილეობდა.

მსგავსი