ჩრდილოეთ იტალიაში, ერთ დღეში კორონავირუსის 16 შემთხვევა გამოვლინდა
ჩრდილოეთ იტალიაში, ერთ დღეში კორონავირუსის 16 შემთხვევა გამოვლინდა

ჩრდილოეთ იტალიაში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 16 შემთხვევა გამოვლინდა. 14 შემთხვევა დაფიქსირდა ლომბარიის რეგიონში, კიდევ ორი – მოსაზღვრე ვენეტოში. დაავადებულთა შორის ხუთი მედიკოსია, ერთი კი ფეხმძიმე ქალია.

იმ ქალაქებში, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა, მთავრობამ ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება გააუქმა და სკოლები დახურა.

ამჟამად, ექიმები იკვლევენ ასობით პირს, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

როგორც ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე მყოფმა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

„ამისთვის მზად ვიყავით, მოსახლეობა ნუ იღელვებს. ჩვენ მივიღებთ მკაცრ და პრევენციულ ზომებს“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ახალდაავადებულთა შორის არც ერთი არ ყოფილა ჩინეთში, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, თუმცა ერთ-ერთი ინფიცირებული, 38 წლის მამაკაცი ქალაქ ლოდიდან სიმპტომების გამოვლენამდე შეხვდა მეგობარს, რომელიც ჩინეთიდან ახალი დაბრუნებული იყო. აღსანიშნავია, რომ თავად ჩინეთიდან დაბრუნებულ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

დატოვე კომენტარი