ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მცველი – სიამოვნება მივიღე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ფეხბურთელთან დაპირისპირებით #1TVSPORT

02:30, 06.10.2026

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებისა და „ოქსფორდ იუნაიტედის“ მცველი ბროდი სპენსერი საქართველოსთან მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის დაცვის თამაშით გახარებულია. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა ერთა ლიგის საწყის 4 ტურში გოლი არ გაუშვა.

„ნული მიღებული გოლი ოთხ მატჩში – ეს კარგი შედეგია. საერთაშორისო დონეზე ეს უმნიშვნელოვანესია. ასე გამარჯვების შანსს იქმნი და ვფიქრობ, ამის მიღწევა სწორედ კარის მშრალად შენახვითაა შესაძლებელი. ჩრდილოეთ ირლანდია ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც გოლი ჯერ არ გაუშვია. ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ახალგაზრდული გუნდი ვართ.

ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ერთმანეთს ვეხმარებით. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებაში ვმონაწილეობდი და სიამოვნება მივიღე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ფეხბურთელთან დაპირისპირებით. ვიცოდით, რა დონის მოთამაშეცაა კვარაცხელია – ასეთ ფეხბურთელებთან მუდმივად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ“, – ამბობს სპენსერი.

მსგავსი