ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობის მონაწილეებმა პოლიციას პიროტექნიკა, ქვები და ბოთლები ესროლეს
ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობის მონაწილეებმა პოლიციას პიროტექნიკა, ქვები და ბოთლები ესროლეს.
სამართალდამცველებმა შეკრებილების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. არეულობის ეპიცენტრი ქალაქ ბალიმენაა, სადაც მესამე დღეა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტების ჯგუფს შორის შეტაკებები იმართება.
არეულობის მიზეზი ბალიმენაში ორი უცხოელი მოზარდის მიერ არასრუწლოვან გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი გახდა. ეჭვმიტანილები სასამართლოს წინაშე ორშაბათს წარდგნენ.
წუხელ არეულობა იყო ჩრდილოეთ ირლანდიის სხვა ქალაქებშიც. ლარნში ნიღბიანი ახალგაზრდები თავს დაესხნენ და ცეცხლი წაუკიდეს გასართობ ცენტრს, სადაც თავშესაფარი იყო მოწყობილი წინა დღეების შეტაკებების დროს გაყვანილი ოჯახებისთვის.
გუშინ, ქალაქ ბალიმენაში მორიგი საპროტესტო აქციისას ასობით ნიღბიანი მომიტინგე პოლიციას დაესხა თავს, დაწვა სახლები და მანქანები.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, დასახლებაში ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის კარზე გაჩნდა ნიშნები იქ მცხოვრებთა ეროვნების მითითებით.
პოლიცია ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობას რასობრივ ნიადაგზე სიძულვილით მოტივირებულ თავდასხმებად აფასებს.
პოლიციის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში დაშავდა 32 ოფიცერი, დააკავეს ექვსი ადამიანი.
იმ დასახლებებში, სადაც არეულობები იყო, დამატებითი საპოლიციო ძალები განათავსეს.