ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა პანმუნჯომიში ფიჭვი დარგეს.
1953 წელს ამოსული ხე, რომელიც სიმბოლურად ამავე წელს დასრულებული ომის შედეგად ორად გაყოფილი ნახევარკუნძულის კვლავ გაერთიანებას მოიაზრებს, კეთილდღეობისა და მშვიდობის სიმბოლოდ იქცა.
კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯე ინმა ხეს ორივე ქვეყნის ნიადაგიდან აღებული მიწა მიაყარეს და ორი მდინარის წყლით მორწყეს.
„ვიმედოვნებ, შევძლებთ გულახდილად საუბარს და მივაღწევთ შეთანხმებას, რათა კორეელებსა და მთელ მსოფლიოს, ვისაც მშვიდობა სურს, გავუკეთოთ დიდი საჩუქარი“, – აღნიშნა მუნ ჯე ინმა.
როგორც კიმ ჩენ ინმა შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, კორეათა შორის ურთიერთობების ახალი ისტორია იწერება.
„დღეს ჩვენ საწყის წერტილთან ვართ, როდესაც მშვიდობის, კეთილდღეობისა და კორეათა შორის ურთიერთობების ახალი ისტორია იწერება. დღეს ჩვენ მიმდინარე და საერთო საკითხებზე გულწრფელი საუბრით უნდა მივაღწიოთ კარგ შედეგს. ეს მხოლოდ დასაწყისია, აისბერგის წვერი, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა და განხილული თემები დააკმაყოფილებს ამ სამიტის მიმართ ხალხის მოლოდინს“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა შეხვედრის დაწყებისას.
ხის დარგვის ცერემონიამდე, ლიდერებს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი გაიმართა, რომელიც საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.